ბურთულიანი სარქველი შედგება ლილვის შუაში განთავსებული ღრუ მბრუნავი ბურთულისგან. ლილვის ბრუნვითი მოძრაობის წყალობით ეს ბურთულა სარქველის კორპუსში 90° -ით ბრუნავს და ნაკადის კონტროლს უზრუნველყოფს.
ბურთულიანი სარქველები საიმედო და გამძლეა. მათ შეუძლიათ უსაფრთხოდ შეასრულონ თავიანთი ფუნქცია მაშინაც კი, თუ დიდხანს ერთსა და იმავე მდგომარეობაში რჩებიან. ამავდროულად, ისინი ლილვის მდგომარეობის ხშირი ცვლილების საშუალებას იძლევა. ამასთან, მათი დანიშნულება, ძირითადად, სრულად ღია ან სრულად დაკეტილი მდგომარეობაა. სრულად ღია ან სრულად დაკეტილი მდგომარეობის გარდა, ისინი ნაკადს კარგად ვერ არეგულირებს. ამიტომ მათი მარეგულირებელ სარქველად გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ბურთულიანი სარქველები მრავალი მწარმოებლის მიერ იწარმოება 1000 bar წნევისა და 400 °C ტემპერატურის ჩათვლით, სხვადასხვა მასალისგან — ლითონის, პლასტმასის, კერამიკის და ა.შ. ამასთან, როდესაც ბურთულიან სარქველებს რეგულირებისთვის იყენებენ, სითხე ხშირად რჩება კორპუსსა და ბურთულას შორის. ცივ ამინდში ეს დაგროვილი წყალი ბურთულასა და სარქველის კორპუსში ფართოვდება და სარქველის დაბზარვას ან დაზიანებას იწვევს. ეს მნიშვნელოვანი ნაკლია: თუ ბურთულიანი სარქველი გამოყენებული იქნება გარემოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 0 °C-ზე დაბლა ეცემა, საჭიროა ყინვამედეგი (frozen – freeze proof type) სარქველის გამოყენება.
კრიოგენული სითხეებისთვის ან ისეთი პროდუქტებისთვის, რომლებიც შეიძლება ბურთულას შიგნით გაფართოვდეს, სარქველის ნაკადის ზედა (upstream) მხარეს გათვალისწინებულია სავენტილაციო ხვრელი.
ბურთულიანი სარქველების გამოყენებისას ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პრობლემა დაბინძურებაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სარქველები სასმელი წყლის სისტემებში ან კვების ქარხნებში გამოიყენება, სარქველის კორპუსსა და ბურთულას შორის დაგროვილი წყალი იწვევს ბაქტერიების წარმოქმნას ან, სხვადასხვა სითხის გამოყენებისას, მათ შერევას. ეს კი, პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობას, შემდეგ კი პროდუქციის ხარისხს აზიანებს. ამ დაგროვების თავიდან ასაცილებლად ბურთულასა და კორპუსს შორის არსებული სიცარიელეები ბურთულას სადგამი ზედაპირების გაგრძელებით იხურება.
ამ ტიპის სარქველებს უწოდებენ უსიცარიელო „Cavity Filler Ball Valve“-ს; კვების ან სასმელი წყლის სისტემებში გამოყენებული შუასადებებისა და სარქველის მასალები უნდა შეესაბამებოდეს სურსათის უვნებლობისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებს.

