ელექტროძრავების ჩართვის სქემები და მათი მახასიათებლები
სამფაზა ასინქრონულ ძრავებში სტატორის გრაგნილების დამზადების შემდეგ, ქსელთან მისაერთებლად, ძრავის გარეთ, კლემების კოლოფში, ჩვეულებრივ, ექვსი ბოლო გამოდის. ეს გრაგნილების საწყისი და ბოლო გამომყვანებია. ამ გამომყვანების მიერთების სქემების მიხედვით შესაძლებელია ძრავების გაშვება (ანუ პირველადი ჩართვა) სხვადასხვა გზით.
პირდაპირი გაშვება (Direct Online DOL)
როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ეს მეთოდი გულისხმობს ძრავის უშუალოდ ქსელთან მიერთებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე სწრაფი და მარტივი მეთოდია, მას გარკვეული პრობლემები ახლავს. DOL გაშვებისას ძრავები ქსელიდან ნომინალურზე 7-10-ჯერ მეტ დენს მოიხმარენ. მცირე სიმძლავრის ძრავებში (<5.5 kW) ეს შეიძლება პრობლემა არ იყოს, თუმცა უფრო დიდ ძრავებში შეიძლება გამოიწვიოს ქსელის ავარიები, სიმძლავრის დანაკარგები და ძაბვის დისბალანსი.
ვარსკვლავი-სამკუთხედით გაშვება
ამ გაშვების მეთოდის მთავარი მიზანია ზემოთ ნახსენები საგაშვებო დენის თავიდან აცილება. გაშვებისას ძრავა ვარსკვლავის სქემით მუშაობს, რის შედეგადაც საწყისი მოძრაობა უფრო დაბალი დენით მიიღწევა. გაშვების დასრულების შემდეგ ძრავა მაშინვე გადადის ნორმალურ, სამკუთხედის სქემაზე. ამ სქემაში ყველაზე მნიშვნელოვანია ვარსკვლავის სქემით მუშაობის ხანგრძლივობა და ვარსკვლავიდან სამკუთხედზე გადართვის დრო.
ვარსკვლავის სქემისას ძრავის გრაგნილებზე მოსული ძაბვა მცირდება V/√3-მდე, ხოლო დენი — 1/3-მდე. თუ ძრავა სრულ ბრუნთა რიცხვამდე მისვლამდე გადაირთვება სამკუთხედზე, ის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, DOL-ის მსგავსად გაეშვება და საგაშვებო დენი წარმოიქმნება. მეორე მხრივ, ვარსკვლავის სქემისას დენი და ძაბვა დაბალია, შესაბამისად, ძრავის მომენტიც დაბალია, ამიტომ ეს გაშვების მეთოდი დატვირთვის ქვეშ მყოფ ძრავებზე ისედაც ვერ გამოიყენება. მაგრამ თუ ძრავა ბრუნთა რიცხვს მიაღწევს და სამკუთხედზე არ გადაირთვება, მაშინ ის მიერთებულ დატვირთვას ვერ გასწევს. ამ სქემაში ვარსკვლავიდან სამკუთხედზე გადართვას დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს გადართვა მყისიერი უნდა იყოს.
რბილი გამშვების (Softstarter) გამოყენებით გაშვება
რბილი გამშვებები ძრავაზე მიწოდებულ ძაბვას თანდათან, საფეხურებრივად ზრდის. შესაბამისად, ისინი გამორიცხავს ძრავის უეცარ დატვირთვასა და საგაშვებო დენს. რბილი გამშვების გამოყენება ახანგრძლივებს აღჭურვილობისა და სისტემის კომპონენტების მომსახურების ვადას, რადგან ის არც ძრავას და არც ელექტროსისტემას დამატებით დატვირთვას (სტრესს) არ გადასცემს.

