ქიმიური ტუმბო

ქიმიური ტუმბოები გამოიყენება ნავთობქიმიურ, კვების და ქიმიურ მრეწველობაში, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გარე (offsite) დანადგარებსა და მაღალტემპერატურულ გათბობის სისტემებში. ისინი გადატუმბავენ ცხელ, ცივ, აგრესიულ, აქროლად, ფეთქებად, ტოქსიკურ, დაბინძურებულ და განსაკუთრებით ძვირფას სითხეებს.

ამიტომ სითხესთან შეხებაში მყოფი ნაწილები მზადდება კოროზიამედეგი მეტალური და არამეტალური მასალებისგან ან დაცულია მედეგი რეზინის, პლასტმასის ან მინანქრის საფარით.

ამ ტუმბოში კორპუსი სითხის კოროზიული ზემოქმედებისგან დასაცავად პლასტმასის საფარით არის დაფარული.

ქიმიურ ტუმბოებში შესაძლებელია როგორც ერთმაგი, ისე ორმაგი მექანიკური შემამჭიდროებლის გამოყენება. ზოგ შემთხვევაში შემამჭიდროებლის ზონაში წნევის შესაქმნელად ან გარე გამორეცხვისთვის გამოიყენება ტუმბოსგან დამოუკიდებელი თერმოსიფონური სისტემა. ქიმიური ტუმბოებით გადატუმბული სითხეები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხშირად ძვირფასი, ფეთქებადი ან გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამიტომ შემამჭიდროებლისა და ჰერმეტულობის საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია. თუ ნულოვანი გაჟონვაა საჭირო, გადადიან ჰერმეტულძრავიან (canned motor pump) ტუმბოზე ან მაგნიტური ქუროს მქონე ტუმბოზე.

მაგნიტური ქუროს მქონე ტუმბოები, შეწოვისა და დაწნევის ფლანეცების გარდა, გარე გარემოსგან სრულად იზოლირებულია. ლილვი ბრუნვით მოძრაობას მაგნიტური ველის ძალით იღებს. ამიტომ მათ ხშირად ირჩევენ იმ შემთხვევებში, როდესაც ნულოვანი გაჟონვაა საჭირო.

ქიმიური ტუმბოები, როგორც წესი, ერთსაფეხურიანია, იშვიათად — ორსაფეხურიანი. ისინი, ჩვეულებრივ, არ არის თვითშემწოვი. ტუმბოს შერჩევისას მნიშვნელოვანია, რომ ტუმბოს რაც შეიძლება დაბალი NPSH მნიშვნელობა ჰქონდეს. სპეციფიკური საექსპლუატაციო პირობების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება კონსტრუქციული ვარიანტები გაცხელებადი კორპუსებით, გაგრილებადი საკისრების კვანძებით და ტუმბოს დამხმარე გარე სისტემებით (თერმოსიფონური სისტემა, გათბობა-გაგრილების პერანგი და ა.შ.).

წყარო: KSB Global