საკისრის ფუნქცია და შეზეთვა ცენტრიდანულ ტუმბოში
ცენტრიდანული ტუმბოები, თავისი კონსტრუქციიდან გამომდინარე, მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში რადიალურ და ღერძულ დატვირთვებს განიცდის. ეს დატვირთვები ტუმბოს შემადგენელ ნაწილებზე მუდმივ დაძაბულობას ქმნის და მასალებს აზიანებს. ამ შემთხვევაში, როგორც ტუმბოში წარმოქმნილი დატვირთვების გასაწონასწორებლად, ისე მბრუნავი ელემენტების დასაყრდენად გამოიყენება საკისრები. შესაბამისად, საკისრები ტუმბოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ხოლო საკისრების არასწორი მომსახურება ან არასწორი შეზეთვა ტუმბოს მომსახურების ვადას ამცირებს.
ყველა მბრუნავ აღჭურვილობაში, სადაც საკისრები გამოიყენება, ადრე თუ გვიან ხახუნი თავისას იზამს, საკისარი დაზიანდება და მისი შეცვლა გახდება საჭირო. თუმცა სწორი მომსახურებითა და შესაბამისი საპოხით ხახუნის მინიმუმამდე დაყვანით შესაძლებელია როგორც საკისრის, ისე ტუმბოს მომსახურების ვადის გახანგრძლივება.

რა უნდა გავითვალისწინოთ საკისრების შემოწმებისა და შეზეთვისას
- პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ თქვენი ტუმბოს საკისრის შეზეთვის ტიპი. ტუმბოებში გამოყენებული საკისრები, როგორც წესი, არის კონსისტენტური საპოხით შეზეთვადი დახურული ტიპის (ერთჯერადი), კონსისტენტური საპოხით შეზეთვადი ღია ტიპის (საპოხის შეცვლის შესაძლებლობით) ან გარე (ზეთის) შეზეთვის მქონე.
- თუ საკისარს გარე შეზეთვა აქვს, უნდა გამოიყენებოდეს non-detergent (ზეთი, რომელიც ზეთში არსებულ ნაწილაკებს მასალის უძრავ ზედაპირებზე აკრავს და ხახუნისა და კონტაქტის წერტილებამდე ნალექსა და ნაწილაკებს არ ატარებს) და non-foaming (არაქაფწარმომქმნელი) ტიპის ზეთები.
- აუცილებლად უნდა გაეცნოთ ტუმბოს მწარმოებლის მიერ გამოქვეყნებულ, ტუმბოში გამოსაყენებლად დაშვებული ზეთების ჩამონათვალს, ხოლო თუ ტუმბოს გარემო და საექსპლუატაციო პირობები სტანდარტულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, ამ საკითხზე აუცილებლად უნდა მიმართოთ მწარმოებელს.
- აუცილებლად უნდა მოერიდოთ ზედმეტ შეზეთვას. ზედმეტი შეზეთვა გაზრდის ტუმბოს მიერ მოხმარებულ სიმძლავრეს, გამოიწვევს ენერგიის ზედმეტ ხარჯვას და საკისარში დამატებით სითბოს წარმოქმნის.
- თუ ზეთის შემოწმებისას შეინიშნება ძლიერი სიმღვრივე ან ნალექი, ზეთი რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს.
- თუ საკისარი კონსისტენტური საპოხით შეზეთვადია და საპოხის შეცვლა შესაძლებელია, საკისარში ერთი სახეობისა და მარკის საპოხი უნდა გამოიყენებოდეს; სხვადასხვა მარკისა და სახეობის საპოხების შერევა დაუშვებელია.
- კონსისტენტური საპოხით შეზეთვად საკისრებშიც ზედმეტი საპოხის გამოყენება გაზრდის ტემპერატურასა და ენერგომოხმარებას და გამოიწვევს საკისრის გადახურებით გამოწვეულ დაზიანებებს.
- როგორც გარე ზეთოვანი, ისე კონსისტენტური საპოხით შეზეთვისას, საპოხის შეცვლისას წინა საპოხის ნარჩენი ნალექი და ჭუჭყი საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოს და საპოხი მხოლოდ ამ გაწმენდის შემდეგ უნდა შეიცვალოს.
- თუ ტუმბოში დახურული ტიპის საკისარი გამოიყენება, საკისრის შეცვლის საჭიროების პირველივე ნიშნებისთანავე ის ახლით უნდა შეიცვალოს; ძველი საკისრის სახურავების მოხსნა, ხელახლა შეზეთვა და განმეორებით გამოყენება დაუშვებელია.

