ტუმბოების ISO და ANSI სტანდარტები

სტანდარტები სამრეწველო და კომერციული გარემოს უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილია. სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის მოთხოვნით კომპანიები დარწმუნებულნი არიან, რომ შეძენილი პროდუქცია დააკმაყოფილებს მნიშვნელოვან საექსპლუატაციო და უსაფრთხოების მოთხოვნებს, მაშინაც კი, თუ ის ისეთი კომპანიიდანაა, რომელთანაც მანამდე არასოდეს უთანამშრომლიათ. სტანდარტები ასევე იძლევა გარანტიას, რომ სხვადასხვა მომწოდებლის მიერ წარმოებულ პროდუქციასაც კი ერთნაირი ძირითადი მახასიათებლები ექნება.

იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სასარგებლოა სტანდარტები, გასაკვირი არ არის, რომ არსებობს უამრავი სტანდარტი, მათ შორის სავაჭრო ასოციაციების მიერ დადგენილი „დარგობრივი სტანდარტები“ (მაგ., NEMA ელექტროაღჭურვილობისთვის ან API ნავთობის დარგისთვის). ეს სტატია ყურადღებას გაამახვილებს სამრეწველო ტუმბოების ორი მნიშვნელოვანი სტანდარტის შედარებაზე: ANSI B73.1 და ISO 5199.

ისტორიული განვითარება

ამერიკის სტანდარტების ეროვნული ინსტიტუტი (ANSI) არის კერძო, არაკომერციული საწევრო ორგანიზაცია, რომელიც 1918 წელს დაარსდა, როგორც ისეთი საინჟინრო ორგანიზაციების, როგორიცაა IEEE, ASME და ASCE, და აშშ-ის სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ერთობლივი ინიციატივა. ამჟამად არსებობს 10 000-ზე მეტი ამერიკული ეროვნული სტანდარტი (ANS), რომლებიც პროდუქციისა და პროცესების ფართო სპექტრს მოიცავს.

ISO-ს ფესვები კი 1946 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც 25 ქვეყნის დელეგატები ლონდონში შეიკრიბნენ, რათა განეხილათ საერთაშორისო სტანდარტების მომავალი, რომლებიც მრავალ ეროვნულ და დარგობრივ სტანდარტს შორის ხიდს გადებდა. დღეს არსებობს 19 500-ზე მეტი საერთაშორისო სტანდარტი, რომლებიც ტექნოლოგიებისა და ვაჭრობის მრავალ ასპექტს მოიცავს.

ისტორიულად ISO სტანდარტები უფრო დომინანტური იყო ევროპასა და აზიაში, ხოლო ANSI სტანდარტები გაცილებით ფართოდ გამოიყენება აშშ-სა და ამერიკის კონტინენტის სხვა რეგიონებში. თუმცა ბოლო პერიოდში ორივე სტანდარტმა მრავალი საერთო წერტილი იპოვა და, გლობალიზაციის გავლენითაც, ISO სტანდარტები მთელ მსოფლიოში უფრო გავრცელებული გახდა.

ANSI B73.1 (ზოგჯერ მას ASME B73.1-საც უწოდებენ.)

ეს სტანდარტი შემუშავდა ქიმიური მრეწველობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ერთსაფეხურიანი, ბოლოდან შეწოვის (end suction) ცენტრიდანული ტუმბოების ოჯახისთვის. სტანდარტი მოიცავს ტუმბოს 27 ზომას და თითოეულისთვის განსაზღვრავს ძირითადი ზომების ერთობლიობას. ზომები მოიცავს ტუმბოს (ძრავის გარეშე) საერთო სიმაღლესა და სიგრძეს, ფლანეცებისა და ლილვის დიამეტრებს, სამონტაჟო ჭანჭიკების ზომას, განლაგებასა და ბიჯს და ა.შ. ეს სტანდარტი ასევე განსაზღვრავს ტუმბოს საექსპლუატაციო და ზოგიერთ კონსტრუქციულ მახასიათებელს, ასევე სერვისისა და ძირითადი ტექნიკური მომსახურების მახასიათებლებს (მაგ., უკან გამოწევადი კონსტრუქცია (back pull out) შესაცვლელი ცვეთის რგოლებისთვის).

ზომების, სამონტაჟო გადაწყვეტებისა და ძირითადი განლაგების სტანდარტიზაცია ნიშნავს, რომ სხვადასხვა მწარმოებლის ANSI B73.1 ტუმბოები ადვილად ურთიერთშენაცვლებადია.

ISO 5199 (და ISO 2858)

ეს ორი სტანდარტი მოიცავს იმავე ტიპის სამრეწველო ტუმბოებს, რასაც ANSI B73.1. ძველი ISO 2858 ყურადღებას ამახვილებს გაბარიტულ ზომებსა და სამონტაჟო დეტალებზე, ხოლო ISO 5199 დამატებით განსაზღვრავს სხვადასხვა საექსპლუატაციო მოთხოვნას (მაგ., საკისრის მინიმალური რესურსი) და კონსტრუქციულ მახასიათებლებს (მაგ., საერთო განლაგება, შემამჭიდროებლის კონფიგურაციები). ზოგიერთი თვალსაზრისით (მაგ., ვიბრაციის მაქსიმალური დასაშვები დონეები) ISO 5199 უფრო მკაცრია, ვიდრე ANSI B73.1.

ზოგადად, ISO 5199 სტანდარტის შესაბამისად წარმოებული ტუმბოები საექსპლუატაციო მახასიათებლების, საიმედოობის, მომსახურების სიმარტივისა და ხანგამძლეობის თვალსაზრისით აკმაყოფილებს ან აღემატება ANSI B73.1-ის მოთხოვნებს. თუმცა ISO 5199 ტუმბოები ვერ ჩაანაცვლებს ANSI B73.1 აგრეგატებს უშუალოდ, საძირკვლის ჩარჩოსა და ქუროების გარკვეული ადაპტაციის გარეშე. ეს იმიტომ, რომ ეკვივალენტური ზომის ტუმბოებშიც კი განსხვავდება სამონტაჟო ჭანჭიკების განლაგება, ლილვის დიამეტრები და შეწოვის/დაწნევის ფლანეცების მდებარეობა. წარმოშობის რეგიონებიდან გამომდინარე, ბევრი ANSI B73.1 ტუმბო დაპროექტებულია 50 Hz ელექტროქსელთან თავსებადად, ხოლო ISO 5199 ტუმბოები — 60 Hz ასინქრონულ ელექტროძრავებთან მისაერთებლად. თუმცა ISO 5199 ტუმბოების მწარმოებელთა უმეტესობას 60 Hz მოდელებიც აქვს.

ევროპიდან, განსაკუთრებით გერმანიიდან, წარმოშობილი ISO სერტიფიცირებული პროდუქციის უმეტესობას აქვს შთამბეჭდავი ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რომლებიც შეიძლება ANSI ანალოგებში არ იყოს. შემთხვევითი არ არის, რომ გერმანული დიზაინის პროდუქცია ცნობილია თავისი ხარისხით, ეფექტიანობითა და ხანგრძლივი მომსახურების ვადით. ევროპული ISO პროდუქტით მიღწეული ენერგოდაზოგვა შეიძლება ნამდვილად ღირდეს გაწეულ ძალისხმევად.

წყარო: KSB Global