ჰიგიენური ტუმბო

ჰიგიენური ტუმბოები, როგორც წესი, გამოიყენება კვების, ფარმაცევტულ და კოსმეტიკურ დარგებში, სადაც ადამიანის ჯანმრთელობის საკითხი ყველაზე კრიტიკულია. ამ დარგებში გამოყენებული აღჭურვილობა ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ სტანდარტებს შორისაა 3A, European Hygienic Engineering and Design Group (EHEDG, ჰიგიენური ინჟინერიისა და დიზაინის ევროპული ჯგუფი), FDA (Food and Drug Administration, აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტო).

ჰიგიენურ ტუმბოებში ყველაზე მნიშვნელოვანი ზედაპირის სიგლუვეა. მიუხედავად იმისა, რომ ძველი ლიტერატურა 3.2 μm ზედაპირის სიმქისის მნიშვნელობას ჰიგიენური სტანდარტის საწყის ზღვრად მიიჩნევდა, დღესდღეობით 0.8 μm და, მეტიც, 0.4 μm გაცილებით უფრო შესაფერისი და აღიარებული მნიშვნელობაა.

გვერდით გამოსახული პირველი ზედაპირი ეკუთვნის ქვიშის ყალიბში ჩამოსხმულ მასალას, მეორე — ზუსტი ჩამოსხმით მიღებულ მასალას, ხოლო ბოლო — ცივად გაწელილ ფოლადს; ნაჩვენებია მათი ზედაპირის სიმქისე. როგორც ხედავთ, პირველი ორი ჩამოსხმის მეთოდის შემთხვევაში სიმქისე საკმაოდ მაღალია. ამიტომ ჰიგიენური ტუმბოების წარმოებაში ცივად გაწელილი ფოლადი გამოიყენება. მასალის ზედაპირზე არსებული ეს უსწორმასწორობები იმდენად მცირეა, რომ სტანდარტულ პროცესებში მნიშვნელოვან ტექნიკურ პრობლემას არ იწვევს. თუმცა ბაქტერიის დასამკვიდრებლად და გასამრავლებლად ისინი საკმაოდ დიდი არეებია.

ჰიგიენური ტუმბოებისა და აღჭურვილობის კიდევ ერთი თვისებაა სწრაფი გაწმენდისა და მარტივი დაცლის შესაძლებლობა. გაწმენდა, როგორც წესი, ორი გზით ხორციელდება: „Clean in Place, CIP — ადგილზე გაწმენდა“ ან „Clean Out of Place, COP — დაშლით, სხვა ადგილას გაწმენდა“. ვინაიდან COP ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივი მეთოდია, მას აუცილებლობის გარეშე არ ირჩევენ. მისი ძირითადი პრინციპია აღჭურვილობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟი, სხვა ადგილას გაწმენდა და ხელახალი მონტაჟი. CIP კი წარმოების დაგეგმვის ეტაპზევე დამატებითი სისტემის მოწყობას მოითხოვს, თუმცა სისტემის დამონტაჟების შემდეგ გაწმენდა საკმაოდ მარტივად და სწრაფად ხორციელდება. CIP-ის დროს ჰიგიენური ტუმბოების საშუალებით სარეცხი ქიმიკატები გადის იმავე ხაზებსა და აღჭურვილობაში, რომლებშიც საკვები პროდუქტი გადის; აქ, როგორც წესი, CIP ტუმბოები გამოიყენება. შემდეგ იმავე გზით ხორციელდება ჩამორეცხვა და გაწმენდა სრულდება.

GEA Hilge HYGIA